უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ ლიბიის სანაპიროსთან რუსულ კორვეტ "მერკურსა" და სატვირთო გემზე განხორციელებული თავდასხმები პარტნიორებთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა და აღნიშნა, რომ ეს თემა იმავე დღეს, უფრო ადრე, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან საუბრისას განიხილეს.
"დავადასტურე, რომ ლიბიაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული ოპერაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან წინასწარი კოორდინაციის გარეშე განხორციელდა. ასევე ვთქვი, რომ განზრახული გვაქვს, უზრუნველვყოთ ყველა საჭირო ინფორმაციის გაცვლა ჩვენი ქვეყნების შესაბამის ორგანოებს შორის და შევინარჩუნოთ მათ შორის პირდაპირი, რეგულარული და ეფექტიანი კომუნიკაცია", — მიუთითა ზელენსკიმ.
მანამდე მან BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინული ძალები არასდროს ახორციელებენ დარტყმებს სხვა პარტნიორებთან კოორდინაციის გარეშე. მისი თქმით, როდესაც უკრაინის თავდაცვის ძალები საერთაშორისო წყლებში ან სხვა სახელმწიფოს ინფრასტრუქტურის სიახლოვეს მოქმედებენ, უკრაინელი დიპლომატები ამას სხვა ქვეყნების დიპლომატებთან განიხილავენ.
ამასთან, ზელენსკიმ დაიცვა უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონის მიღმა ჩატარებული ოპერაციები: უკრაინას არ შეუძლია რუსულ გემებს მისცეს უფლება, თავს დაესხნენ მის ტერიტორიას ან გადაიტანონ იარაღი.
ლიბიის ქალაქ ბენღაზის ბაზაზე რუსულ გემებზე უკრაინული ძალების თავდასხმამ იტალიის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ლიბიის სუვერენიტეტის დარღვევას შეცდომა უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რომს უკრაინული ოპერაციების შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიუღია. მისი თქმით, რომის ხელისუფლებას აშფოთებს საბრძოლო მოქმედებები იტალიიდან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში.
საზღვაო დრონების გამოყენებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად ჩაიძირა რუსული კორვეტი "მერკური", ასევე დაზიანდა მშრალტვირთმზიდი გემი "ანგარა", რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ომის მსვლელობისას იარაღის გადასატანად გამოიყენება. აღმოსავლეთ ლიბიის ხელისუფლებამ დაგმო თავდასხმები და განაცხადა, რომ შედეგად ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ სამხედრო გემს კანონიერ სამიზნედ მიიჩნევენ. ამასთან, უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კიევი პატივს სცემს ლიბიის სუვერენიტეტს და დაინტერესებულია ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით.




