უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბელ უოლესის პრეტენზიას პასუხობს.

შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვილნიუსის სამიტის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე, რომელშიც ბენ უოლესმა უკრაინელებს ურჩია, მეტად მადლიერები იყვნენ სამხედრო მხარდაჭერისთვის.

„ჩემი აზრით, ჩვენ ყოველთვის მადლიერები ვიყავით გაერთიანებული სამეფოსი, ყოველთვის ვიყავით მადლიერები პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის. მე უბრალოდ არ ვიცი, რას გულისხმობს მინისტრი, კიდევ როგორ უნდა გადავუხადოთ მადლობა. მომწეროს. შეგვიძლია, ყოველ დილით, გაღვიძებისას მადლობა ვუთხრათ პირადად მინისტრს. ბრიტანეთი ჩვენი პარტნიორია, ჩვენ მათი მადლიერები ვართ, შესაძლოა, მინისტრს რამე განსაკუთრებული სურს. მეჩვენება, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ მადლიერები ვართ ხალხის. საბოლოო ჯამში, ხალხის მხარდაჭერა მოქმედებს ნებისმიერი ქვეყნის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ნატო-ს სამიტზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინელებისგან მიიღო იმ იარაღის ნუსხა, რომელიც კიევს სჭირდება, რაზეც უპასუხა, რომ „ის არ არის „ამაზონის“ ონლაინმაღაზია“. ამასთან, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ურჩია უკრაინას, უფრო მეტად გამოხატონ მადლიერება მათთვის გაწეული დახმარებისთვის.

მინისტრის ამ განცხადებაზე, ვილნიუსში კითხვა დაუსვეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რაზეც რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ უკრაინამ არაერთხელ გამოხატა მადლიერება დასავლეთისგან შეიარაღების გადაცემისთვის.

წყარო: საქართველოს პირველი არხი.