აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებების პირველ დღეს, კიევისა და მოსკოვის წარმომადგენლებმა 1000 1000-ზე ან 1500 1500-ზე ფორმულით სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამ დღის წესრიგით ამერიკელები რუსეთში გაემგზავრებიან.
"მეორე საკითხი ტერიტორიებს ეხებოდა, ის რუსების მხრიდან დაისვა. ეს ლიდერების დონის საკითხია - ასეთი მანდატი აქვთ ჩვენს მომლაპარაკებლებს", - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპის ქვეყნების წარმომადგენლების დასწრებას. NATO-ს დელეგატების მსგავსად, ისინიც აბუ-დაბიში იმყოფებოდნენ, თუმცა უშუალოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ისხდნენ. "ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირს, აშშ-სა და უკრაინას ერთიანი პოზიცია ჰქონდეთ", - ციტირებს სააგენტო dpa უკრაინის ლიდერის სიტყვებს. მან დასძინა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.
"რუსეთში ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობის შესახებ დამახინჯებული წარმოდგენები აქვთ", - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს მოლაპარაკებებზე უკრაინული გუნდის მოხსენებაზე დაყრდნობით. "რუსებს ჰგონიათ და მათ ნამდვილად გააზიარეს ეს, რომ მათ ოკუპირებული აქვთ დონბასის ტერიტორიის ნახევარი, რომელსაც სინამდვილეში ჩვენ ვაკონტროლებთ. რუსული მხრიდან ესწრებოდნენ სამხედროები, დაზვერვა და ისინი ამაზე ძალიან სერიოზულად საუბრობდნენ", - გადმოსცემს მის სიტყვებს სააგენტო UNIAN.
"პუტინი სხვა ინფორმაციაში ცხოვრობს. ეს შეცვლილი რეალობაა. და რა თქმა უნდა, ის ამერიკელებს უზიარებს: "მე მჭირდება ერთი, ორი, სამი თვე და ჩვენ მთლიანად მოვახდენთ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის ოკუპაციას, და მე ასევე, შემიძლია, დაგიხატოთ სურათი - იქნება სრული ოკუპაცია". მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ეს არ არის რეალობა", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ამერიკელებმა ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობის უკრაინული შეფასება დაადასტურეს. კერძოდ, ამის შესახებ ევროპაში NATO-ს გაერთიანებული ძალების მთავარსარდალმა, აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა ისაუბრა, რომელიც ასევე ესწრებოდა მოლაპარაკებებს.
"უკრაინაში ომის დასრულების შესახებ აბუ-დაბიში მოლაპარაკებების მეორე დღეს საუბარი მეტი იქნება დეესკალაციის ნაბიჯებზე, ენერგეტიკაზე, შავ ზღვაზე, კიდევ ერთხელ გაცვლაზე და ლიდერების დონეზე სამმხრივ შეხვედრაზე, თუ ეს შესაძლებელია", - განაცხადა ზელენსკიმ.




