პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გააორმაგებს თავდასხმებს რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე, რაც მოსკოვის საჰაერო დარტყმების ახალი პოლიტიკის საპასუხო ნაბიჯი იქნება. აღნიშნული პოლიტიკა მიზნად ისახავს ხალხის იძულებას, დატოვონ კიევი და სხვა ქალაქები, თუმცა უკრაინა მშვიდობიან მოსახლეობას მიზანში არ ამოიღებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის სპეცსამსახურებმა მოიპოვეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა ზამთრის მოახლოებასთან ერთად გამოსცა სამოქალაქო ობიექტების გაცილებით ფართო სპექტრზე სამხედრო თავდასხმების "ახალი დოქტრინა".
"ჩვენ ვნახეთ დოკუმენტები და ვიცით, რომ ისინი იძლევიან ინფრასტრუქტურაზე, ლოგისტიკაზე და განსაკუთრებით ქალაქებსა თუ სოფლებში, ყველგან - გზებზე, სკოლებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმის ნებართვას", - განუცხადა ზელენსკიმ Reuters-ს ინტერვიუში. "ხალხზე ზეწოლა, რომ დატოვონ დედაქალაქი, დატოვონ სხვადასხვა ქალაქები - სწორედ ეს არის ოპერაციის მიზანი".
ზელენსკის განცხადებით, პოლიტიკის ამ ცვლილების მამოძრავებელი ძალა იყო პუტინის სურვილი, გამოჩენილიყო ძლიერი იმ დროს, როდესაც მისი ჯარი კარგავს პოზიციებს საკვანძო ფრონტის ხაზზე და განიცდის უფრო დიდ დანაკარგებს.
კრემლში კომენტარი არ გაკეთებულა. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მოსკოვი გააგრძელებს მიზანმიმართულ და სისტემატურ დარტყმებს, რაც, მათი თქმით, ბოლო თვეებში რუსეთზე უკრაინის თავდასხმების საპასუხო ქმედებაა.
ორივე მხარე უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულად მიზანში ამოღებას.
ზელენსკის თქმით, წარმატებულმა უკრაინულმა კონტრშეტევამ, კოდური სახელწოდებით "ვივალდი", უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონში დაახლოებით 140 კვადრატული კილომეტრი დაიბრუნა და ის კვლავ გრძელდება. რუსეთი აცხადებს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების პირობად დონბასზე სრული კონტროლი უნდა დააწესოს.
ბოლო კვირების განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, აღადგინოს მოლაპარაკებები ოთხწლიანი კონფლიქტის - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანი დაპირისპირების - დასასრულებლად.
გასულ თვეში ამერიკის ლიდერმა მოუწოდა უკრაინას, თავი შეიკავოს რუსულ ნავთობობიექტებზე დარტყმებისგან, რადგან, მისი თქმით, ეს იწვევს დიზელის გლობალური ფასების ზრდას.
თუმცა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისგან არ მიუღია არანაირი მინიშნება იმის შესახებ, რომ პუტინი დაინტერესებულია სამშვიდობო მოლაპარაკებებით ან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტის განხილვით.
გასული კვირის განმავლობაში უკრაინის დედაქალაქი რუსული დრონებისა და რაკეტების მუდმივი თავდასხმის სამიზნე იყო, რომლებიც მიმართული იყო ენერგეტიკულ და სატელეკომუნიკაციო აქტივებზე, ასევე საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე. რუსეთმა პირველად მიიტანა იერიში მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდებზე, რომლებიც აღმოსავლეთ და დასავლეთ კიევს აკავშირებს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მოახდენს რეაგირებას მოსკოვის ტაქტიკის ცვლილებაზე, თუმცა განურჩევლად არ მიიტანს იერიშს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
"ჩვენ ნებისმიერი გზით (რითაც შეგვიძლია) უნდა ვუპასუხოთ. უპირველეს ყოვლისა უნდა დავარტყათ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს და ა.შ. იმას, რაც მათ ამ ომისთვის ფინანსებს აძლევს", - განაცხადა ზელენსკიმ ინგლისურ ენაზე. "მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათსავით იერიშს არ მივიტანთ სამოქალაქო ობიექტებზე".




