უკრაინა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს აშშ-სა და რუსეთთან ერთად სამმხრივ მოლაპარაკებებში, რაზედაც მხარეებთან ბოლო ორი დღის განმავლობაში პრინციპულად შეთანხმდა ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი.

"ჩვენ მივიღეთ უკუკავშირი იმის შესახებ, რომ რუსეთი, როგორც ბრიფინგიდან გავიგეთ, მხარს უჭერს სამმხრივ შეხვედრას ჩვენი გუნდების დონეზე. ამერიკული მხარე გვთავაზობს ამის გაკეთებას რაც შეიძლება მალე და ჩვენ ამას ვუჭერთ მხარს", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, დელეგაციები სამმხრივ მოლაპარაკებებზე, "როგორც მას ესმის", რუსეთის, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრის მომზადებით დაკავდებიან. "დღის წესრიგი — ომის დასრულებაა. და, როგორც მესმის, ყველაფრის მომზადება ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მხარს დავუჭერთ წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის, ომის დასრულებისა და ენერგეტიკული ზავის შესახებაც — ნებისმიერ ზავს", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ დელეგაციების ახალი შეხვედრის თარიღი ჯერ არ იცის, თუმცა ფიქრობს, რომ ის არაუგვიანეს ნოემბრის დასაწყისისა უნდა გაიმართოს. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა უიტკოფთან მოლაპარაკებების შემდეგ ივარაუდა, რომ ეს შეხვედრა, შესაძლოა, "ნოემბრის 10-იან რიცხვებში" გაიმართოს.

სტივენ უიტკოფი 20 ოქტომბერს ოსლოში ზელენსკისა და უკრაინის ევროპელი მოკავშირეების წარმომადგენლებს, 21 ოქტომბერს კი სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ამერიკელმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "განხილვები კონსტრუქციული იყო და ისინი ტექნიკურ დონეზე აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება".

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა აბუ-დაბიში დახურული მოლაპარაკებების ორი რაუნდი გამართეს. პირველი 23-24 იანვარს, მეორე კი 4-5 თებერვალს შედგა. 5 თებერვალს კიევმა და მოსკოვმა ტყვეთა მორიგი გაცვლა შეათანხმეს. პროგრესის შესახებ მხარეების განცხადებების მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების გზაზე გარღვევა კვლავ არ მიღწეულა.