საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
მინისტრმა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა PISA-ს 2025 წლის საერთაშორისო კვლევაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და ამ კუთხით პედაგოგების მნიშვნელოვან როლსა და დამსახურებას გაუსვა ხაზი.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა. ინიციატივა პედაგოგების მრავალწლიანი შრომის დაფასებას, მათი პროფესიული საქმიანობის აღიარებასა და წახალისებას ემსახურება.









