უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ 14 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა და მას ფრონტზე ვითარება და უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის იერიშების გავლენა გააცნო. 

"ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს უკრაინის დახმარება ზამთრის სიცივეში სიცოცხლეების დასაცავად და ჩვენი გამძლეობის გასაძლიერებლად." - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, რუბიოსთან საუბრისას ასევე დეტალურად განიხილა დიპლომატიური პროცესი და სამმხრივი შეხვედრები: "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები პროდუქტიული იყოს და აშშ-ს მადლობას ვუხდი მათი კონსტრუქციული მიდგომისთვის," დაამატა მან. 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-სა და უკრაინას შორის პროგრესი იყოს უსაფრთხოების გარანტიებისა და ეკონომიკური აღდგენის საკითხებზე.

"უკრაინისთვის მიწოდებული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის აშშ-სა და ყველა ამერიკელის მიმართ მადლობელი ვარ." - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.