უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს 15 მაისს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები და ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა მზადაა "ნამდვილი დიპლომატიისთვის" და მოუწოდა "რაც შეიძლება სწრაფად სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ".

"რომში კარგი შეხვედრა მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან. ასევე, ვისაუბრეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობაზე, ორმხრივ ვაჭრობაზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებასა და ტყვეების მომავალ გაცვლაზე", - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.