უკრაინის პრეზიდენტსა და კანადის ახალ პრემიერ-მინისტრს შორის რომში პირველი შეხვედრა გაიმართა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მარკ კარნიმ სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები, ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და ტყვეების გაცვლის აუცილებლობა განიხილეს.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ, რომ პირადად გხედავთ. მინდა, მადლობა გადავუხადო კანადელ ხალხს ამ ომის დასაწყისიდან მათი ურყევი მხარდაჭერისთვის. მადლიერები ვართ თქვენი ხალხის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ორივე მხარეს სურდეს ომის დასრულება. ჩვენ მართლაც ველოდით პუტინს და ის არ მოვიდა. ვფიქრობთ, მას ეშინია ორმხრივი, პირდაპირი საუბრების. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, ამ შედეგს მივაღწევთ. მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე, პუტინზე, რათა მშვიდობა, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, გვჭირდება ზეწოლა მასზე, მეტი ზეწოლა, მეტი სანქციები. მადლიერები ვართ თქვენი, ევროპელი ლიდერების და ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების პაკეტების“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მარკ კარნისთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის საკითხები განიხილა.
„მადლობა მარკ კარნის თბილი შეხვედრისთვის. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთქმედება „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში და რა არის საჭირო ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა თავდაცვის, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის, ეკონომიკისა და ზოგადად საერთაშორისო საქმეებში კარგად არის კოორდინირებული. პრემიერ-მინისტრს ვაცნობე რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შესახებ სამოქალაქო ობიექტებზე და ხაზი გავუსვი, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სიცოცხლის დასაცავად. ვისაუბრე სტამბოლის მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და ჩვენი ძალისხმევის შემდგომი კოორდინაციის მნიშვნელობაზე“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვოლოდიმი9რ ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები უნდა იყოს ძლიერი და მოიცავდეს ენერგეტიკასა და „ჩრდილოვან ფლოტს“, რათა აიძულონ რუსეთი გადადგას რეალური ნაბიჯები მშვიდობისკენ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მარკ კარნის „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების შეხვედრაში მიწვევისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკი და მარკ კარნი 18 მაისს ვატიკანში ახალი პაპის ინაუგურაციაში მიიღებენ მონაწილეობას.
თარგმანი: პირველი არხი