უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა უკრაინის დასახმარებლად საკუთარი მშპ-ის 0.25% გამოყონ, რათა ქვეყანამ იარაღის წარმოება გააძლიეროს.

"უკრაინა ევროპის უსაფრთხოების ნაწილია და ჩვენ გვსურს, რომ თითოეულმა პარტნიორმა ქვეყანამ ჩვენი თავდაცვითი ინდუსტრიისა და შიდა წარმოებისთვის მშპ-ის 0.25% გამოყოს". - განაცხადა ზელენსკიმ.

21 ივნისს პრეზიდენტის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინა დანიასთან, ნორვეგიასთან, გერმანიასთან, კანადასთან, გაერთიანებულ სამეფოსა და ლიეტუვასთან იარაღის ერთობლივი წარმოების დაწყების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მიმდინარე თვეს ჰააგაში დაგეგმილ NATO-ს სამიტს დაესწრება, სადაც დასავლელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს.

ზელენსკის ცნობით, უკრაინა საზღვარგარეთ ერთობლივი სამხედრო წარმოების გახსნას და სამხედრო ტექნოლოგიების ექსპორტს გეგმავს.

"ჩვენ დავიწყეთ პროგრამა "აშენე უკრაინასთან ერთად" და ზაფხულში მოვაწერთ ხელს შესაბამის შეთანხმებებს, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში საწარმოო ხაზების გახსნის ფორმატით ტექნოლოგიების გატანის საშუალებას მოგვცემს". - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.