უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სამხედრო კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას უკრაინაში ევროპული თავდაცვითი ცენტრის შექმნის წინადადება გააჟღერა.

„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება, შევამციროთ ბიუროკრატია და მივცეთ შეკვეთები. ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ მეტი საბრძოლო მასალა და სამხედრო ტექნიკა, მაგრამ გვჭირდება მხარდაჭერა“, - წერს ის სოციალურ ქსელ X-ში.

მან აღნიშნა საარტილერიო საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის სისტემების, საარტილერიო და სარაკეტო სისტემების ერთობლივი წარმოების განვითარების მნიშვნელობა.

„ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, მივცეთ მეტი ძალა და მეტი უპირატესობა ჩვენს ხალხებს ერთად მუშაობით“, - დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრე კამიშინმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ ვაშინგტონში შეხვედრა გამართა აშშ–ის ათ ძირითად სამხედრო კომპანიის წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს უკრაინის ლიდერი შეხვდა პენტაგონის ხელმძღვანელს ლოიდ ოსტინს და გაერთიანებული შტაბის უფროსს გენერალ ჩარლზ ბრაუნს. უკრაინის ლიდერის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს "გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ფრონტზე განვითარებული მოვლენები და თავდაცვის სფეროში უკრაინა-ამერიკის შემდგომი თანამშრომლობა“.

11 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით შეერთებულ შტატებში ჩავიდა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვიზიტი "ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას" უკრაინის მიმართ, რომელიც თავს იცავს რუსეთის აგრესიისგან.