უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ–ში ვიზიტი სამხედროებთან შეხვედრით დაიწყო. კერძოდ, ის უკვე შეხვდა თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ ჩარლზ ბრაუნს. ამის შესახებ ზელენსკი იუწყება.

„ვიზიტი შეერთებულ შტატებში დაიწყო თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და გენერალ ჩარლზ ბრაუნთან შეხვედრით აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ შეხვედრაზე განიხილეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ფრონტზე მოვლენათა განვითარება და უკრაინა-ამერიკის შემდგომი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში.

„მადლობელი ვარ შეერთებული შტატების ჩვენი შეთანხმებების განხორციელებისთვის, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, ასევე მდივან ოსტინისა და გენერალი ბრაუნის პირადი ლიდერობისთვის“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

როგორც ცნობილია, 11-12 დეკემბერს აშშ-ში ვიზიტის დროს ზელენსკი შეხვდება არა მხოლოდ ჯო ბაიდენს, არამედ ამერიკის კონგრესის წარმომადგენლებს, სადაც განიხილება უკრაინის დამატებითი დაფინანსების პაკეტი, რომელიც კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო.