აშშ-მა უკრაინასთან მოლაპარაკებებში პირველად წამოაყენა NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობის საკითხი დონბასზე უარის თქმის სანაცვლოდ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამერიკელებმა დასვეს კითხვა: "რა მოხდება, თუ უკრაინა NATO-ში იქნება, დათმობს თუ არა უკრაინა დონბასს?" ეს პირველად მოხდა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ ამერიკული მხარე და NATO-ს სხვა პარტნიორები დაადასტურებენ ასეთ წინადადებას გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ის მას უკრაინული საზოგადოების განხილვაზე გამოიტანს, რადგან არ შეუძლია, ასეთი გადაწყვეტილება საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს. "რა თქმა უნდა, ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის რაიმე ფორმით აღიარების გარეშე", - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინამ წარსულში მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიების მიწოდება NATO-ს მე-5 მუხლის მიხედვით. "და ჩემი კითხვა ამერიკული მხარის მიმართ: "თუ თქვენ მოგვცემთ ამ რაღაც NATO-ს მსგავსს, იქნებიან თუ არა ამერიკელი ჯარისკაცები ჩვენს მიწაზე?" მათი პასუხი ამაზე იყო: "არა", - დასძინა პრეზიდენტმა.

"კიევი პარტნიორებთან განიხილავს უსაფრთხოების მთლიან პაკეტს, რომელიც მოიცავს NATO-სა და ევროკავშირის კონკრეტულ უსაფრთხოების გარანტიებს, ასევე სამხედროების შესაბამის რაოდენობას, იარაღს, ფინანსურ მხარდაჭერას განსაზღვრული დროის განმავლობაში და Prosperity Plan-ს, ანუ აღდგენის გეგმას, რომელიც გამყარებულია ფულით და მკაფიო წყაროებით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ, მისი აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევროპაში საზღვრების შეცვლას ცდილობს. "ის ფაქტი, რომ პუტინს ევროპაში საზღვრების შეცვლა სურს, ფაქტია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დევს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების გადახედვის მის კონცეფციაში", - განაცხადა მან.

"ვფიქრობ, პუტინი ისაუბრებს ფინეთზე, შვედეთზე. დარწმუნებული ვარ, წამოსწევს უნგრეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ამერიკელების ყოფნის საკითხს. ამიტომ, თუ ამერიკელებს ნამდვილად სურთ ზუსტად ასეთი დიალოგი, რუსების ინიციატივის მხარდაჭერით ევროპაში უსაფრთხოების სტრუქტურის შესახებ, მაშინ ეს უნდა გადაწყვიტონ NATO-ში შემავალმა ყველა ევროპულმა ქვეყანამ და არა ვინმე სხვამ", - ციტირებს ზელენსკის "РБК-Украина".

მისი თქმით, მან ეს საკითხი განიხილა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებთან და სხვა ევროპელ პარტნიორებთან.