უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის მაღალი დონის დიპლომატიური კონტაქტები და სამშვიდობო ინიციატივებზე მუშაობა აქტიურ ფაზაში შედის. მისი თქმით, ამერიკულ მხარესთან მომდევნო მნიშვნელოვანი შეხვედრა სექტემბრის ბოლოს, ნიუ-იორკშია დაგეგმილი. 

მოლაპარაკებების მთავარ თემებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოება, ასევე ზამთრის პერიოდისთვის აუცილებელი მხარდაჭერა წარმოადგენს. უკრაინული მხარე აქტიურად ემზადება იმ სცენარისთვისაც, რომ საომარი მოქმედებები ცივ სეზონშიც გაგრძელდება, რის გამოც, პარტნიორებთან ერთად მექანიზმების დეტალური დამუშავება მიმდინარეობს.

"ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვკონტაქტობთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. ახალი შეხვედრა ამერიკულ დელეგაციასთან სექტემბრის ბოლოს გაიმართება. უკვე ვამზადებთ კონკრეტულ ნაბიჯებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცებისა და გრძელვადიანი სტაბილურობისკენ. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდი და ჩვენი თანამშრომლობა უნდა იყოს მაქსიმალურად შედეგიანი", - განაცხადა ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც კიევში აშშ-ის ოფიციალური დელეგაცია იმყოფებოდა, რომელმაც მანამდე მოსკოვში გამართა მოლაპარაკებები. დიპლომატიური ძალისხმევის ფონზე, მხარეები ცდილობენ გრძელვადიანი მშვიდობის ჩარჩოების შექმნასა და სამმხრივი ფორმატის პოტენციურ განახლებაზე მსჯელობას, თუმცა ძირითადი პოზიციები და გამოწვევები კვლავ კომპლექსური რჩება.