The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, პიტ ჰეგსეთი ოფიციალური სამუშაოსთვის საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ის, სულ მცირე, ათამდე ჩატს იყენებდა.

WSJ-ს ცნობით, ერთ-ერთ ჩატში ჰეგსეთი საკუთარ დამხმარეებს ეუბნებოდა, რომ სხვა სახელმწიფოს მთავრობა ჩასატარებელი სამხედრო ოპერაციის შესახებ გაეფრთხილებინათ. ამავე ცნობებით, აშშ-ს თავდაცვის მინისტრი არასამთავრობო აპლიკაციაში განიხილავდა მედიასთან საუბრის გეგმებს, უცხოეთში მოგზაურობის საკითხებს, საკუთარ განრიგსა და სხვა სახის სენსიტიურ, თუმცა არა საიდუმლო ინფორმაციას.

ასევე, WSJ-ს წყაროები ამბობენ, რომ ჰეგსეთის მესიჯების ნაწილს მისი სამხედრო დამხმარე, პოლკოვნიკი რიკი ბურია წერდა. როგორც გამოცემა წერს, ბურიას ჰეგსეთის მობილურ ტელეფონზე წვდომა ჰქონდა. მსგავსი ინფორმაცია აქამდე არ გავრცელებულა. WSJ წერს, რომ მარტში იემენელ ჰუსიტებზე მისატან თავდასხმებზე მესიჯებს თავდაცვის მინისტრის სახელით ჩატში, რომელშიც ჰეგსეთის ცოლი და ძმაც იყვნენ, სწორედ ბურია წერდა.

WSJ-მ ამ ცნობასთან დაკავშირებით პენტაგონსა და პირადად ბურიას მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

გასულ თვეში პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმა, სტივენ სტებბინსმა თქვა, რომ ჟურნალი Atlantic-ის მიერ გავრცელებული ცნობის შემდეგ ჰეგსეთის მიერ Signal-ის ჩატის გამოყენების საქმეს იძიებდნენ. ამ ჩატში განიხილებოდა იემენელ ჰუსიტებზე მისატანი იერიშები. იგივე ინფორმაცია დაიწერა სხვა, ზემოხსენებულ ჩატშიც, რომელშიც ჰეგსეთის ოჯახის წევრებიც იყვნენ.

ცნობების მიხედვით, Signal-ის სხვა ჩატებში ჰეგსეთი საუბრობდა პირად საკითხებზე, პენტაგონის პროგრამების შემცირებებსა და ადმინისტრაციის დავებზე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

WSJ-სთან ორმა წყარომ თქვა, რომ დამხმარეებისთვის გაცემული ბრძანება, მოკავშირეები სამხედრო ოპერაციის შესახებ გაეფრთხილებინათ, ყველაზე სენსიტიური ინფორმაცია იყო, რაც ჰეგსეთმა Signal-ის ჩატში მესიჯის სახით გაგზავნა.

წყაროები ამბობენ, რომ პენტაგონის კომუნიკაციის ქსელს ჰეგსეთი ყოველდღიურ საქმიანობაში Signal-ს ამჯობინებდა.

WSJ აღნიშნავს, რომ არასამთავრობო საკომუნიკაციო აპლიკაციებს წინა ადმინისტრაციაც იყენებდა, თუმცა სენსიტიური ინფორმაციის მსგავს პლატფორმაზე გაზიარებით, შესაძლოა, ეს ყველაფერი აღმოჩნდეს მათ ხელში, ვისთანაც ამ ინფორმაციის გაზიარება არ შეიძლებოდა.

წყაროები ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჰეგსეთის მესიჯები მცირე ხნის შემდეგ ქრებოდა, მათი ჩაწერის გარეშე, რაც ოფიციალური პირების სამსახურებრივი საუბრის ჩაწერის კანონის პოტენციური დარღვევა შეიძლება იყოს.