ცოტა ხნის წინ დაპატიმრებულ ყველაზე მაღალი რანგის გენერალს ჩინეთში კორუფციასთან ერთად, ბრალი ედება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ბირთვული საიდუმლოების გადაცემაში. ამის შესახებ ინფორმაციას თავის წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს.
ბრალდებებზე საუბარი იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის გამართულ დახურულ ბრიფინგზე, რომელიც ამბის გასაჯაროებამდე გაიმართა.
საუბარია გენერალ ჭანგ იოუსიაზე, რომელიც ცენტრალურ სამხედრო კომისიაში სი ძინპინის უფროსი თანათავმჯდომარის პოსტს იკავებდა და წლების განმავლობაში არმიაში მის მთავარ მოკავშირედ მიიჩნეოდა.
ჭანგი ამავე კომისიის კიდევ ერთ წევრთან, გენერალ ლიუ ჭენლისთან ერთად 23 იანვარს დააპატიმრეს.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარი იყო "სერიოზულ დისციპლინურ დარღვევებზე" - აღნიშნული ტერმინი ჩინეთში ძირითადად კორუფციის ბრალდებასთან ასოცირდება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ამ შემთხვევაში წმენდა დაკავშირებულია შიდა ფრაქციულ დაპირისპირებებთანაც.
WSJ-ის წყაროების ცნობით, დახურულ ბრიფინგზე კორუფციის და დიდი ოდენობით ქრთამის მიღების გარდა, ჭანგი დაადანაშაულეს "ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის შექმნაში."
კომპარტიის ჟარგონზე ეს ტერმინი გულისხმობს გავლენის ქსელის ორგანიზებას, რომელიც ძირს უთხრის პარტიის ერთიანობას და ასევე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.
ჭანგს ბრალი ედება დიდი ოდენობით ქრთამის მიღებაში მაღალ თანამდებობებზე კონკრეტული პირების დანიშვნის სანაცვლოდ - მათ შორის, სწორედ ამ გზით დაინიშნა თავდაცვის მინისტრად 2022 წელს ლი შანგფუ, რომელიც პოსტზე არასრული ერთი წლის შემდეგ თავად აღმოჩნდა გამოძიების ქვეშ.
წყაროების ცნობით, ყველაზე შოკის მომგვრელი სიახლე ის იყო, რომ ჭანგს ბრალი ედება ჩინეთის ბირთვული საიდუმლოების ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაცემას.
ჭანგის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ჩინეთის ეროვნული ატომური კორპორაციის - სწორედ ეს უწყება მართვას ქვეყნის როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო ბირთვულ პროექტებს - ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გუ ჭუნმა.
თავად გუ გასულ კვირას დააპატიმრეს, მას ბრალად ედება "მძიმე დისციპლინური და სახელმწიფო კანონების" დარღვევა - სხვა დეტალების კონკრეტულად რა სახის ინფორმაციაზე გადასცეს ამერიკელებს, ან არის თუ არა ეს ოფიციალური ბრალის ნაწილი უცნობია.




