პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა აშშ-სა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ახალი შეზღუდვები დააწესა — წერს The Washington Post (WP) ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, რომლებიც მის საიდუმლო სამსახურებრივ ბარათს გაეცნენ.

გამოცემის წყაროების თქმით, დირექტივა გასულ კვირას გავრცელდა, თუმცა რედაქციამ მისი გაცნობა ვერ შეძლო. ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ კანადური მხარე ახალ შეზღუდვებს აღიქვამს, როგორც სილის გაწვნას და ეს გააჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორ შეიზღუდება ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ურთიერთქმედება.

ჰეგსეთის პრესმდივანმა შონ პარნელმა კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო უწყება იღებს ზომებს, რათა კანადასთან მისმა ურთიერთქმედებამ ხელი შეუწყოს აშშ-ის კონკრეტული თავდაცვითი მიზნების მიღწევას და, საბოლოო ჯამში, თავდაცვითი ურთიერთობების განმტკიცებას. პარნელის თქმით, პენტაგონი პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს ორმხრივი თანამშრომლობის ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც აძლიერებს ქვეყნებისა და მთელი ნახევარსფეროს თავდაცვას, ამავდროულად კი მხარს უჭერს კანადის უნარს, შეასრულოს NATO-ს ფარგლებში აღებული ვალდებულებები. ჰეგსეთის წარმომადგენელმა დასძინა, რომ დირექტივა გავლენას არ მოახდენს ვაშინგტონსა და ოტავას შორის სადაზვერვო მონაცემების გაცვლასა და თანამშრომლობაზე NATO-ს ან ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის ორმხრივი სარდლობის (NORAD) ფარგლებში. თეთრმა სახლმა WP-ის შეკითხვა პენტაგონში გადაამისამართა. ვაშინგტონში კანადის საელჩომ კომენტარის თხოვნას არ უპასუხა.