გერმანიის მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი (CDU) უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ბერლინისა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის 2026 წლის 20 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ასევე 6 სექტემბერს საქსონია-ანჰალტში გამართულ კენჭისყრაზე, ამომრჩეველმა კანცლერ ფრიდრიხ მერცის პოლიტიკას მკაცრი განაჩენი გამოუტანა.

ეგზიტპოლების თანახმად, ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ლიდერობს, ხოლო დედაქალაქ ბერლინში პირველ პოზიციაზე მემარცხენე პარტია Die Linke გავიდა.

არჩევნების შედეგები განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა პირადად კანცლერ მერცისთვის, რომლის რეიტინგიც ქვეყანაში ისედაც რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. პარტიულ შტაბბინებში ხმების დათვლის პარალელურად, უკვე ცნობილია ორივე რეგიონალური არჩევნების წინასწარი შედეგები.

მეკლენბურგ-წინა პომერანია: რეგიონში ხმათა 37-38%-ით პირველ ადგილზე გავიდა ანტიიმიგრაციული პლატფორმის მქონე AfD, რომელმაც თითქმის გააორმაგა წინა წლების მაჩვენებელი. ამავდროულად, კანცლერის პარტია CDU-ის შედეგი ისტორიულ მინიმუმამდე — კატასტროფულ 5%-მდე დაეცა და ძლივს ახერხებს პარლამენტში შესვლის ბარიერის გადალახვას. მეორე ადგილზე 35.5%-ით სოციალ-დემოკრატები (SPD) დარჩნენ.



ბერლინი: გერმანიის დედაქალაქში ლიდერობა მემარცხენე Die Linke-მ მოიპოვა ხმათა 24.5-26%-ით. აქაც მმართველმა ქრისტიან-დემოკრატებმა (CDU) პოზიციები დათმეს და 20%-ით მეორე ადგილზე გადაინაცვლეს, ხოლო AfD-მ დედაქალაქშიც გაიუმჯობესა მაჩვენებელი და 16%-ს მიაღწია.


წყარო: „ტაგესშაუ“

მოამზადა რაულ კაპანაძემ