ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი (ესკო) 2026 წლის სექტემბრის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ესკოს მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში საქართველოში წარმოებული იყო აგვისტოში 1.132727 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 2,3%-ით მეტია წინა წლის სექტემბერში წარმოებულთან (1.107063 მლრდ კვტსთ) შედარებით.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში წარმოებული იყო 10.308382 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია, რაც 0,7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდში წარმოებულთან (10.382649 მლრდ კვტსთ) შედარებით.

საქართველოს მიერ სექტემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 1.132817 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის სექტემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობაზე (1.123946 მლრდ კვტსთ) 0,8%-ით მეტია.

საქართველოს მიერ იანვარ-სექტემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 11. 244881 მლრდ კვტსთ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობას (11.004551 მლრდ კვტსთ) 2.2%-ით აღემატება.

ესკოს ვებგვერდზე არსებული მონაცემების თანახმად, წელს, იანვარ-სექტემბერში:

თბოსადგურებმა 1.783501 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 145.147 მლნ კვტსთ-ით ანუ 8,9%-ით მეტია;

ქარის სადგურებმა 88.303 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, მზის სადგურებმა კი 14.094 მლნ კვტსთ;

ყველა ტიპი ჰიდროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ 8.422484 მლრდ კვტსთ შეადგინა, რაც წინა წლის სამი კვარტალის გამომუსავების 97%-ია;

მარეგულირებელმა ჰიდროსადგურებმა 3.735785 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 184.978 მლნ კვტსთ-ით ანუ 4,7%-ით ნაკლებია;

სეზონურმა ჰიდროსადგურებმა 3.790466 მლრდ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 116.150 მლნ კვტსთ-იანი ანუ 3%-იანი კლებაა;

მცირე სიმძლავრის სადგურებმა 896.231 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც 2.284 მლნ კვტსთ-იანი ანუ 0.3%-იანი კლებაა.

იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1.186497 მლრდ კვტსთ შეადგინა, რაც 4,8%-იანი მატებაა.

ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 249.997 მლნ კვტსთ, რაც შარშანდელთან შედარებით 51,1%-იანი და 2006 წლის შემდგომი პერიოდის ყველაზე მცირე მოცულობაა.

რას ამბობენ რიცხვები

ესკოს მონაცემებით, 9 თვეში საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 82,7% განახლებად წყაროზე მოდიოდა. წლის ბოლოს, ზამთრის თვეებში თბოსადგურების წილის ზრდის გამო, ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ 78-79%-მდე შემცირდება. პრობლემა ისაა, რომ თბოსადგურები ძვირად ღირებულ იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე მუშაობენ, ხოლო ქვეყნის ჰიდროპოტენციალის მხოლოდ 22-25% არის ათვისებული. იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარება მონაცემთა ცენტრებისა და ხელოვნური ინტელექტის გამო მკვეთრად იზრდება, ეს ტენდენცია <თბოსადგურების წილის 20-25%-მდე შენარუნება> არცთუ სახარბიელოა.

ცნობისთვის: გერმანულმა გამოცემა Tagesschau-მ სექტემბრის ბოლოს დაწერა, რომ გერმანიამ 2026-ის 9 თვეში უფრო მეტი მზის ენერგია გამოიმუშავა — 90,2 მლრდ კვტ/სთ — ვიდრე მთელი 2025 წლის განმავლობაში.
გერმანია წელიწადში დაახლოებით 430-450 მლრდ კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს, რომლის სტრუქტურა ასეთია: განახლებადი — 60-65% [ქარი 31-32%, მზე 18-20%, ბიომასა 8-9%, ჰიდრო 4-5%], წიაღისეული — 35-40%.

საქართველოსგან განსხვავებით, გერმანიას ჰიდრორესურსი თითქმის სრულად — 80%-ზე მეტად — აქვს ათვისებული.

მოამზადა რაულ კაპანაძემ