უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის და მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვს.

„უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაში გამორჩეული პირადი დამსახურებებისთვის, ასევე, უკრაინელი ხალხისთვის თავგანწირული მსახურებისთვის, ვბრძანებ, უკრაინის გმირის წოდება მიენიჭოს ვალერი ზალუჟნის“, – ნათქვამია ზელენსკის ბრძანებაში.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს ზალუჟნი ხელმძღვანელობდა არმიას 8 თებერვლამდე და როგორც გამოკითხვები აჩვენებს, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა უკრაინელებს შორის. ზალუჟნი ოლექსანდრ სირსკიმ შეცვალა მთავარსარდლის პოზიციაზე.

რაც შეეხება გენერალ-ლეიტენანტ კირილ ბუდანოვს, მან მიიღო უმაღლესი ჯილდო „უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში გამოჩენილი პირადი გამბედაობისა და გმირობისთვის, უკრაინელი ხალხისთვის თავდაუზოგავი მსახურებისთვის“.