თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა, ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

რეისს ჟესოვ-ვილნიუსი მისდევდა პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი. პრეზიდენტის ვილნიუსში ჩასვლა დაადასტურა ზელენსკის პრესსპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა.

აღსანიშნავია, რომ ალიანსის მიერ გამოცხადებული სამიტის ოფიციალურ ღონისძიებებში ზელენსკის მონაწილეობის პროგრამა ცოტა მოგვიანებით იწყება. მანამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბენგმა განაცხადა, რომ ზელენსკი სამშაბათს ლიდერების ვახშამში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომა ოთხშაბათისთვის არის დაანონსებული.

მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკმაყოფილოა გავრცელებული ცნობებით, რომ "სამიტის კულუარებში ფორმულირებებს უკრაინის შესახებ უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ".

"უკრაინა აფასებს თავის მოკავშირეებს, საერთო უსაფრთხოებას და ღია საუბარს, ამიტომ უკრაინა NATO-ს სამიტზე წარმოდგენილი იქნება, რადგან ეს პატივისცემას ნიშნავს, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს უკრაინაც. ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მივიღეთ სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს ფორმულირება ეხება მიწვევას და არა წევრობას", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, "უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ არ არსებობს NATO–ში უკრაინის მიწვევის და წევრობის არანაირი ვადა და ამის ნაცვლად, დამატებულია უცნაური ფორმულირება მიწვევის პირობების შესახებ".

"როგორც ჩანს, არ არსებობს არც NATO–ში უკრაინის მიწვევის და არც წევრად მიღების მზადყოფნა, რაც ნიშნავს, რომ რჩება რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის წევრობით ვაჭრობის შესაძლებლობა, ეს კი რუსეთისთვის ნიშნავს მოტივაციას ტერორის გასაგრძელებლად", – დაწერა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე სამიტზე ღიად ისაუბრებს.