უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული ოპერაცია განახორციელეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ზელენსკის განცხადებით, დრონების გამოყენებით მიზანში ამოიღეს და გაანადგურეს მოსკოვის ოლქში მდებარე დუბნის კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრი.

პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ობიექტი რუსეთის სამხედრო და სადაზვერვო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, რომელიც უზრუნველყოფდა თანამგზავრულ კომუნიკაციას და კონტროლს.

"ჩვენი მიზანია რუსეთის სამხედრო პოტენციალის შესუსტება ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია. დუბნის კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრის განადგურება კიდევ ერთი დარტყმაა მტრის მართვის სისტემებზე. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის იმ ობიექტებზე მუშაობას, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ემსახურებიან უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოპერაცია დაგეგმილი და ზუსტი იყო. სოციალურ ქსელებსა და ადგილობრივ არხებზე გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს ხანძარი და აფეთქებების კვალი, რაც კოსმოსური ცენტრის ტერიტორიაზე მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანს ადასტურებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მოსკოვის ოლქის ხელმძღვანელობა ტრადიციულად საუბრობს "უკრაინული დრონების მოგერიებაზე", მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები ცენტრის მიმდებარედ მასშტაბურ ხანძარზე და აფეთქებებზე მიუთითებენ.