უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მორიგ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებულ დარტყმებზე მკაცრ და ასიმეტრიულ პასუხს გასცემს. მისი თქმით, კიევის მიზანია, რუსეთს ომის გაჭიანურების ნებისმიერი რესურსი და შესაძლებლობა წაართვას.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები მუშაობენ არა მხოლოდ არსებული აგრესიის მოგერიებაზე, არამედ იმ ინფრასტრუქტურისა და სამხედრო პოტენციალის განადგურებაზე, რომელიც რუსეთს ომის გასახანგრძლივებლად სჭირდება.
ზელენსკის თქმით, მოსკოვი ცდილობს კონფლიქტის მაქსიმალურად გაჭიანურებას, რათა უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორების გამოფიტვა შეძლოს. უკრაინის ხელმძღვანელობა ამ სტრატეგიის ჩაშლას გეგმავს.
მიმართვაში აღინიშნა, რომ უკრაინა აგრძელებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან სამხედრო დახმარების გაზრდასა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამკაცრებაზე, რაც, პრეზიდენტის შეფასებით, რუსული სამხედრო მანქანის შესუსტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
"ჩვენი პასუხი იქნება ზუსტი და მტკივნეული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ოკუპანტმა ვერ შეძლოს თავისი დამანგრეველი გეგმების განხორციელება და ომის დროში გაწელვა. უკრაინა იქნება ძლიერი, რადგან ეს არის ერთადერთი გზა სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალებსა და იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას ამ რთულ ბრძოლაში მხარში უდგანან.








