გასულ ღამეს თავდასხმის დროს რუსებმა 36 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს, რომელთა სამიზნე კიევი და მიმდებარე რეგიონები იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის ემზადება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვებით.
„დარტყმის მთავარი სამიზნე კვლავ ენერგეტიკის სექტორია. დედაქალაქს ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის საკითხში რთული ვითარება აქვს. საცხოვრებელი შენობები და ჩრდილოეთის ხიდი დაზიანდა, ხოლო საბავშვო ბაღი ნაწილობრივ განადგურდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, კიევის გარდა, კიდევ თორმეტი რეგიონი დაზარალდა. პარტნიორების, განსაკუთრებით კი შეერთებული შტატებისადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როდესაც რუსეთი ცდილობს კიევსა და მთელ ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვას, „უკრაინა, არ შეიძლება, მარტო დარჩეს“.









