ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 19 წლის ვაჟმა, ალიმ, სერბეთის მოქალაქეობა ალი მუსაევის სახელზე მიიღო. ამის შესახებ "კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" (ФБК) და Telegram-არხმა "Агентство. Новости" განაცხადეს.
მათი მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვარს გროზნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ცენტრალურმა განყოფილებამ გვარის შეცვლა გააფორმა. ხუთი თვის შემდეგ, 2025 წლის 10 ივლისს კი, კადიროვის ვაჟს სერბეთის მოქალაქეობა მიენიჭა.
ФБК-მ დაადგინა, რომ მუსაევის გვარით მან საზღვარგარეთ, ძირითადად დუბაიში, 100-ზე მეტჯერ მოასწრო გაფრენა, მათ შორის — კერძო თვითმფრინავებით.
არხის ცნობით, ფრენებისთვის გამოიყენებოდა, კერძოდ, კადიროვების ოჯახის ბიზნეს-ჯეტი — Bombardier Global 6000 საბორტო ნომრით RA73604, რომელიც 2025 წლის აგვისტოში ევროპელი მფლობელისგან შეიძინეს.
"Агентство. Новости"-მ დააზუსტა, რომ ფრენებისთვის მუსაევის გვარს კადიროვის ოჯახის სხვა წევრებიც იყენებენ. თავის მხრივ, ФБК-მ გაარკვია, რომ სერბეთმა მოქალაქეობა პუტინის გარემოცვის ათობით სხვა პირსაც მიანიჭა, მათ შორის, მაღალჩინოსნებისა და თავდაცვის სფეროს საწარმოთა მფლობელების ნათესავებს.
ფონდმა სერბეთის ხელისუფლებას ალი კადიროვის პასპორტის გაუქმება და სხვა მსგავსი შემთხვევების შემოწმება მოსთხოვა. ФБК სერბეთისა და ევროკავშირის ხელისუფლებებისადმი მიმართვებს ამზადებს.




