უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რომ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან „მარცვლეულის დერეფნის“ აღდგენასა და შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე მუშაობის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
ამის შესახებ სტამბოლში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის აგრესია 2014 წლიდან აუარესებს შავ ზღვაში უსაფრთხოების მდგომარეობას, თურქეთი კი მხარს უჭერს უკრაინას რეგიონში უსაფრთხო ნავიგაციის აღდგენის მცდელობებში.
„თურქეთი მუდმივად უჭერს მხარს ჩვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ნაბიჯებს, რომლებიც უზრუნველყოფს შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციას და შავი ზღვის რეგიონში ნორმალური ცხოვრების პირობების აღდგენას. ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ ერდოღანთან, რომ ვიმუშაოთ შავი ზღვის „მარცვლეულის დერეფანზე“, რათა უზრუნველვყოთ დერეფნის არსებობა და ეფექტურობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმები დაგმო და რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში დაძაბულობის ესკალაცია და სამოქალაქო გემებზე თავდასხმები არცერთ მხარეს არ წაადგება.
„ასეთი თავდასხმები ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მოდის ისინი ან რა არის მათი მიზეზი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ. მე მჯერა, რომ ამ საკითხში შეთანხმების მიღწევა ასევე მისცემს ბიძგს უკრაინაში მდგრადი მშვიდობის დამყარების მცდელობებს. ჩვენ ვაპირებთ მოლაპარაკებების გამართვას რუსეთთან, რითაც წინ წავწევთ ამ პროცესს“, – განაცხდა ერდოღანმა.




