რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ქალაქ სუმის უნივერსიტეტის კონგრესცენტრზე დარტყმა იმის გამო მიიტანეს, რომ ამ შენობაში უკრაინელი სამხედროების დაჯილდოება მიმდინარეობდა.
ეს განცხადება პუტინმა სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებზე უარის თქმის შესახებ შეთავაზების შეფასებისას გააკეთა.
„მაგალითად ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენი შეიარაღებული ძალების დარტყმა კონგრესცენტრზე, სუმის უნივერისტეტზე. სამოქალაქო ობიექტია ეს თუ არა? სამოქალაქოა, მაგრამ იქ იმართებოდა მათი დაჯილდოება, ვინც კურსკის ოლქში დანაშაულები ჩაიდინა. ამ ადამიანებს ჩვენ მივიჩნევთ დამნაშავეებად, რომლებმაც უნდა მიიღონ დამსახურებული შურისძიება“, – თქვა პუტინმა.
ცნობისთვის, რუსეთის არმიამ 13 აპრილს ორი დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. შედეგად დაიღუპა 30 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. პირველი რაკეტა, როგორც ჩანს, სუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონგრესცენტრში აფეთქდა.
მედია წერდა, რომ დარტყმის დროს სუმში უკრაინელი სამხედროების დაჯილდოება იმართებოდა. იერიშის შედეგად ცერემონიის მონაწილეები არ დაშავებულან.
რუსეთის დარტყმის შემდეგ მალევე უკრაინის პრეზიდენტმა სუმის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
თარგმანი: პირველი არხი