ტრამპის გამარჯვების არ მეშინია, მშვიდობის დასამყარებლად რეფერენდუმის ჩატარება იქნება საჭირო, - ასეთი სათაურით აქვეყნებს იტალიური „კორიერე დელა სერა" ლორენცო კრემონეზის ინტერვიუს კიევის მერთან, ვიტალი კლიჩკოსთან.
მომავალი რამდენიმე თვე ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ძალიან რთული იქნება. მან უნდა გააკეთოს არჩევანი ახალი მსხვერპლით და ნგრევით ომის გაგრძელებას და პუტინთან ტერიტორიულ კომპრომისს შორის და იფიქროს იმაზე, თუ რა ზეწოლას მოახდენს ამ შემთხვევაში ამერიკა, თუ იქ არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს და როგორ უნდა ავუხსნათ ქვეყანას, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც ათასობით ჩვენი მებრძოლი გმირის სიცოცხლე შეეწირა. რა ნაბიჯიც არ უნდა გადადგას, ჩვენი პრეზიდენტი პოლიტიკური თვითმკვლელობის რისკის ქვეშ იმყოფება. მოდით, ცხადად ვთქვათ: ჩვენ უნდა მოვიგოთ ომი, მაგრამ სიტუაცია სულ უფრო რთულდება, დამოკიდებულია მოკავშირეების დახმარებაზე და კოშმარი იქნება, თუ კიდევ ორი წელი მოგვიწევს ბრძოლა.
„ზელენსკის, ალბათ, მოუწევს რეფერენდუმს მიმართოს, არ მგონია, რომ დამოუკიდებლად, სახალხო ლეგიტიმაციის გარეშე მივიდეს ასეთ მტკივნეულ და მნიშვნელოვან შეთანხმებებამდე, მისთვის გამოსავალი შეიძლება იყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა, ცოტათი მსგავსი იმისას, რაც „ჰამასის" 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ შეიქმნა ისრაელში. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მზად არის დათმოს საომარი მდგომარეობის გამო რუსეთის შემოჭრის პირველივე დღიდან მის ხელთ გარანტირებულად არსებული ცენტრალიზებული ძალაუფლება" - ამბობს კლიჩკო და კორესპონდენტის შენიშვნაზე, რომ ის ცნობილია, როგორც ზელენსკის პოლიტიკური ოპონენტი, უპასუხა:
„დაუყოვნებლივ ვიტყვი: მე ყოველთვის მშვენიერი ურთიერთობა მქონდა მასთან, ეს მას აქვს ჩემთან ცუდი ურთიერთობა".
თებერვალში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალერი ზალუჟნის გადაყენების გამო პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით კლიჩკომ განაცხადა, რომ „ზელენსკიმ თავის კაბინეტში ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრირება მოახდინა და პარლამენტმა მნიშვნელოვანი ფუნქციები დაკარგა. არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკა დაკავშირებულია ევროპის მთავრობების ტრადიციებთან. ჩვენ ვიცავთ თავს რუსეთის დიქტატურისგან და გვინდა სრულიად განსხვავებულები ვიყოთ პუტინის რეჟიმისგან. ექვსი თვის წინ გერმანულ პრესას ვუთხარი, რომ ჩვენს სახლში ავტორიტარიზმის სუნი მცემდა".
კლიჩკოს თქმით, ის არასდროს ყოფილა საომარი მდგომარეობის შემოღების მოწინააღმდეგე და თვლის, რომ ის ემსახურებოდა ეროვნული მობილიზაციის ხელშეწყობას და ქვეყნის ერთიანობის გარანტიას, მაგრამ ახლა აუცილებელია უარი ვთქვათ მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პრაქტიკაზე. „ზალუჟნი ძალიან პოპულარული იყო და მისმა მოხსნამ გულისწყრომა და უკმაყოფილება გამოიწვია. ზელენსკიმ ვერ ახსნა თავისი არჩევანი და ეს არ არის კარგი, ეს არ უწყობს ხელს ერთიანობას".
კიევის მერი არ მიიჩნევს, რომ ახლა არჩევნებია საჭირო. არჩევნები ახლა პრეზიდენტის მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ადამიანებსაც კი არ სჭირდებათ. შიდაპოლიტიკური ბრძოლა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ. დღეს არჩევნები მხოლოდ პუტინს აძლევს ხელს. არჩევნები გაყოფს უკრაინას და დაასუსტებს მას მისი განადგურების მოსურნე მტრის წინაშე, - ამბობს იგი და გამოსავალს ხედავს კოლეგიური მართვის ხელშემწყობ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის გამზიარებელი ნაციონალური ერთიანობის კოალიციაში.
ვიტალი კლიჩკოს თქმით, მას არ შეუძლია შეაფასოს ზელენსკის წინადადებას ნოემბრისთვის მეორე საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის ორგანიზების შესახებ. რუსები არიან ორაზროვნები (გულისხმობს შეთანხმებების სიტუაციის შესაბამისად და მათთვის მისაღები შინაარსით ინტერპრეტირებისადმი მიდრეკილებას - „აიპრესი") და „მათი ნდობა შეუძლებელია. პუტინი საუბრობს მშვიდობის შესაძლებლობებზე, მაგრამ სინამდვილეში ის ფიქრობს მთელი უკრაინის ოკუპაციის დროებით შეჩერებაზე და ყოველთვის არღვევს შეთანხმებას. პუტინი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ მას შეუძლია კიევის აღება. ამერიკის არჩევნებამდე არაფერი არ იქნება კონკრეტიზირებული. შეერთებული შტატები არის ფუნდამენტური პარტნიორი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შეთანხმებები მოსკოვთან და ყველას, სანამ რაიმე არჩევანს გააკეთებს, სურს იცოდეს, ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი ვაშინგტონში", - თქვა კლიჩკომ და ტრამპის არჩევის შემთხვევაში თავის შიშებთან დაკავშირებით განმარტა:
„მოგვიწევს მუშაობა მისი არჩევის შემთხვევაში, მაგრამ არ ვიჩქარებდი, რადგან ახლა საარჩევნო კამპანიის მტვრის სქელ ფენაში ვართ გახვეულები. ერთია, რასაც ამბობენ კენჭისყრამდე და უკრაინასთან დაკავშირებით და სულ სხვა იქნება არჩევნების შემდეგ. რესპუბლიკური პარტია ყოველთვის იყო ანტირუსული და არ მესმის, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი პუტინის არგუმენტებს. ვაშინგტონში ყველამ მშვენივრად იცის, რომ რუსეთის დიქტატურა საფრთხეს უქმნის დასავლურ დემოკრატიულ საზოგადოებებს“.