უკრაინული მედიის ცნობით, ასეთი მოწოდება კიევის მერმა ფეისბუქზე გაავრცელა.
„მივმართავ მცხოვრებლებს და გულწრფელად ვამბობ: სიტუაცია ძალიან რთულია და შესაძლოა ეს ჯერ არ იყოს ყველაზე ცუდი მომენტი.
მოიმარაგეთ საკვები, წყალი და აუცილებელი მედიკამენტები. მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვს ქალაქგარეთ გამგზავრების შესაძლებლობა, სადაც არის ელექტროენერგიისა და სითბოს ალტერნატიული წყაროები, არ თქვან უარი“.
მისი თქმით, კიევი, უკიდურესად რთული ენერგეტიკული სიტუაციისა და იმის გაგების გამო, რომ რუსები გააგრძელებენ ქალაქისა და ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას, სხვადასხვა სცენარზე რეაგირებისთვის ემზადება.
კლიჩკომ მოუწოდა დამსაქმებლებს, შექმნან მოქნილი სამუშაო გრაფიკი და, სადაც შესაძლებელია, გადაიყვანონ თანამშრომლები დისტანციურ სამუშაოზე.
კლიჩკომ განაცხადა, რომ ქალაქის თითოეულ რაიონში არის გასათბობი პუნქტები, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, ბევრ ადამიანს შეუძლია ღამის გათევა. პუნქტები აღჭურვილია გათბობის მოწყობილობებით (მობილური ქვაბებით), საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით.
მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ყველა საქალაქო სამსახური და დეპარტამენტი 24/7 რეჟიმში მუშაობს. კომუნალური მომსახურების თანამშრომლები, საავადმყოფოები და სოციალური დაწესებულებები 24 საათის განმავლობაში აგრძელებენ მუშაობას.




