უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ, წევრი სახელმწიფოებისგან უკრაინისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფას კიდევ ერთხელ მწვავედ აკრიტიკებს. ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ დასახელებული თანხა - 135 მილიარდი ევრო ასტრონომიული ოდენობაა, რომელიც დღეს უბრალოდ არ არსებობს.

უნგრეთის პრემიერი აბსურდს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ევროკომისია უნგრეთისგან ფულს ითხოვს მაშინ, როცა ბრიუსელი ბუდაპეშტს მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის, გენდერულ იდეოლოგიაზე შეხედულებებისა თუ სამშვიდობო ხედვის გამო ფინანსურად ასანქცირებს.

"ჩვენ, უნგრელებს, გვთხოვენ წვლილის შეტანას. ანუ, ქვეყანას, რომელსაც ყოველდღიურად მილიონი ევროთი გვაჯარიმებენ, რადგან მიგრანტებს არ ვუშვებთ საზღვარზე. ქვეყანას, რომელსაც ფინანსურად გვსჯიან ომთან და გენდერულ იდეოლოგიასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციის გამო. ეს არათუ შეუძლებელი, კატეგორიულად აბსურდულია. უნგრეთის პასუხი არ დააყოვნებს", - წერს ორბანი.