ვატიკანის საგარეო საქმეთა მდივანი, არქიეპისკოპოსი პოლ რიჩარდ გალახერი, რომელიც მოსკოვში სამი დღით იმყოფება, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, იური უშაკოვს შეხვდა.
აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ში წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნომაც დაადასტურა.
მხარეებმა პირისპირ ფორმატში გამართული მოლაპარაკებებისას საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური თემები განიხილეს.
ვატიკანის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი მოსკოვში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისა და სამშვიდობო მოგვარებისკენ მიმართული შუამავალი ძალისხმევის ნაწილია. ვიზიტის ფარგლებში გალახერმა ასევე მოლაპარაკებები გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
თავდაპირველად შეხვედრა 26 აგვისტოსთვის იყო ჩანიშნული, თუმცა ის ერთი დღით გადაიდო. ვატიკანს საუბრის ხანგრძლივობისა და დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.




