ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მშვიდობის დამყარების შემდეგ, უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანება შესაძლოა გახდეს უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია. ამის შესახებ ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის თემაც იყო "ევროკავშირის როლი უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის".
მისივე თქმით, უკრაინაში ომის დასრულება განაპირობებს ევროპის კონტინენტის ფორმირებას მომდევნო რამდენიმე თაობის განმავლობაში.
"ჩვენ უნდა დავაჩქაროთ უკრაინის გზა ჩვენს კავშირში წევრობისკენ. ეს არამხოლოდ უკრაინის მისწრაფებაა, არამედ ეს შეიძლება იყოს, უსაფრთხოების უძლიერესი გარანტია. სწორედ ეს იყო რომში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩემი ბოლო შეხვედრის დროს ყურადღების ცენტრში. უკრაინაში ომი ბოლოს და ბოლოს დასრულდება. თუ როგორ დასრულდება, ეს ევროპის კონტინენტის ფორმირებას განაპირობებს მომდევნო რამდენიმე თაობის განმავლობაში. სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა შესაძლოა გახდეს ახალი, კეთილდღეობის ეპოქის დასაწყისი უკრაინისთვის და დაგვეხმაროს ჩვენ, დავნერგოთ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპისთვის", – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.