ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფინ დენ ლაიენმა ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს წევრთა ვინაობა დაასახელა.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დენ ლაიენის მიერ ევროპარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში ცამეტი „ევროპის სახალხო პარტიის" ინტერესების გამტარებელია, ხუთი „ევროპული განახლების", ოთხი „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის", ერთი „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების", ერთი „პატრიოტები ევროპისათვის", სამი კი დამოუკიდებელი კანდიდატია.
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არ გაითვალისწინეს ფონ დენ ლაიენის თხოვნა, მათთვის კუთვნილ ევროკომისრის ერთ კვოტაზე არ დაუსახელეს ერთი ქალი და ერთი კაცი და არ მისცეს მას ევროკომისიის შემადგენლობის გენდერული ბალანსის დაცვის პრინციპით განსაზღვრის საშუალება და ამის გამო კომისართა შორის 16 კაცი იქნება, 11 კი - ქალი. ევროკომისიის პრეზიდენტმა განცდილი მარცხის ნაწილობრივი კომპენსირება იმით მოახდინა, რომ ვიცე-პრეზიდენტებად 4 ქალი და ორი კაცი წარადგინა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთვის ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს პრეზიდენტ ურსულა ფონ დენ ლაიენის წარდგენილი კანდიდატურების დამტკიცებისას, მიმომხილველთა აზრით, შესაძლებელია გართულებები წარმოიქმნას ვიცე-პრეზიდენტად იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის პარტიის, „იტალიელი ძმების" წევრ რაფაელე ფიტოს წარდგენის გამო. „ევროპის სახალხო პარტიის" მოკავშირე სოციალისტებმა, მწვანეებმა და ლიბერალებმა ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დენ ლაიენის არჩევას იმ პირობით დაუჭირეს მხარი, რომ ის მემარჯვენე პარტიებთან არ ითანამშრომლებდა.
მოსალოდნელია, რომ ასევე მარტივად არ მოხდება ევროკომისრად იმ პირის დამტკიცება, რომელმაც ევროპარლამენტის წევრებს „იდიოტები" უწოდა (ოლივერ ვარჰეი, უნგრეთი, „პატრიოტები ევროპისთვის").
ურსულა ფონ დენ ლაიენის მიერ წარდგენილი კანდიდატურების დამტკიცების შემთხვევაში ევროკომისიაში თანამდებობები ასე იქნება გადანაწილებული:
ურსულა ფონ დენ ლაიენი (გერმანია, „ევროპის სახალხო პარტია" - ევროკომისიის პრეზიდენტი
კაია კალასი (ესტონეთი, „ევროპული განახლება") - ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში
ჰენა ვირკუნენი (ფინეთი, „ევროპის სახალხო პარტია")- აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და დემოკრატიის საკითხებში; კომისარი ციფრული და მოწინავე ტექნოლოგიის საკითხებში
როქსანა მინზატუ (რუმინეთი, „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი") - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ადამიანური რესურსების, უნარების და მზადყოფნის საკითხებში; კომისარი განათლების, კულტურის, ღირსეული სამუშაო ადგილების და სოციალური უფლებების საკითხებში
ტერეზა რიბერა (ესპანეთი, „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი") - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი სუფთა, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკაზე გადასვლის საკითხებში; კომისარი კონკურენციის საკითხებში
სტეფან სეჟურნე (საფრანგეთი, „ევროპული განახლება") - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი კეთილდღეობისა და ინდუსტრიული სტრატეგიის საკითხებში; კომისარი ინდუსტრიის, ბიზნესის და ერთიანი ბაზრის საკითხებში
რაფაელე ფიტო (იტალია, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტები") - აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ერთიანობისა და რეფორმების საკითხებში; კომისარი ერთიანობის, რეგიონალური განვითარების და ქალაქების საკითხებში
მარია ლუიშ ალბუკერკე (პორტუგალია, „ევროპის სახალხო პარტია") - კომისარი ფინანსურ მომსახურებასთან და ინვესტიციებთან დაკავშირებულ საკითხებში
მაგნუს ბრუნერი (ავსტრია, „ევროპის სახალხო პარტია") - კომისარი საშინაო საქმეთა პოლიტიკის და მიგრაციის საკითხებში
ვალდის დომბროვსკისი (ლატვია, „ევროპის სახალხო პარტია") - კომისარი ეკონომიკის და მისი პროდუქტიულობის, დანერგვის და გამარტივების პროცედურების საკითხებში
ოლივერ ვარჰეი (უნგრეთი, „პატრიოტები ევროპისთვის") - კომისარი ჯანმრთელობის დაცვის და ცხოველთა კეთილდღეობის საკითხებში; პასუხისმგებელი ევროპის ჯანდაცვის კავშირის შექმნასა და სიმსივნის კონტროლის და პროფილაქტიკური ჯანდაცვის კუთხით მუშაობის გაგრძელებაზე
ეკატერინა ზაჰარიევა - (ბულგარეთი, „ევროპის სახალხო პარტია") - კომისარი სტარტაპების, კვლევების და ინოვაციების საკითხებში
დენ იორგენსენი (დანია, „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი") - კომისარი ენერგეტიკის და მშენებლობის საკითხებში
კოსტას კადისი (კვიპროსი, უპარტიო) - კომისარი თევზჭერის და ოკეანეების საკითხებში
მარტა კოსი (სლოვენია, „ევროპული განახლება") - კომისარი გაფართოების საკითხებში და აგრეთვე პასუხისმგებელი „აღმოსავლეთის პარტნიორობას" და უკრაინის აღდგენის საკითხებში. ურსულა ფონ დენ ლაიენის განმარტებით, სლოვენიის მთავრობის მიერ მისი წარდგენის პროცედურა ჯერ არაა ბოლომდე დასრულებული
ანდრიუს კუბილიუსი (ლიეტუვა, „ევროპის სახალხო პარტია") - კომისარი თავდაცვის და კოსმოსის საკითხებში
ჰაჯა ლაჰბიბი (ბელგია, „ევროპული განახლება") - კომისარი კრიზისის მართვის დახმარებისთვის მზადყოფნის, თანასწორობის საკითხებში)
მაიკლ მაკგრატი (ირლანდია, „ევროპული განახლება" ) - კომისარი დემოკრატიის, მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის საკითხებში; ასევე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებში
გლენ მიკალეფი (მალტა, უპარტიო) - კომისარი თაობათაშორისი სამართლიანი ურთიერთობის, ახალგაზრდობის, კულტურის და სპორტის საკითხებში
ჯესიკა როსვოლი (შვედეთი, „ევროპის სახალხო პარტია") - კომისარი გარემოს დაცვის, წყლის მდგრადობის და ცირკულარული (წრიული) ეკონომიკის საკითხებში
პიოტრ სერაფინი (პოლონეთი, „ევროპის სახალხო პარტია") - კომისარი, ბიუჯეტთან, თაღლითობებთან წინააღმდეგ ბრძოლის და საჯარო მმართველობის საკითხებში
იოზეფ სიკელა (ჩეხეთი, უპარტიო ) - კომისარი საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში
მაროშ შეფჩოვიჩი (სლოვაკეთი, „სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი") - კომისარი სავაჭრო და ეკონომიკური უსაფრთხოების, საბაჟო პოლიტიკის, უწყებათშორისი ურთიერთობების და გამჭვირვალობის საკითხებში
დუბრავკა შუიცა (ხორვატია, „ევროპის სახალხო პარტია") - კომისარი ხმელთაშუა ზღვის საკითხებში
აპოსტოლოს ციციკოსტასი (საბერძნეთი, „ევროპის სახალხო პარტია") - კომისარი მდგრადი ტრანსპორტის და ტურიზმის საკითხებში
კრიშტოფ ჰანსენი (ლუქსემბურგი, „ევროპის სახალხო პარტია") - კომისარი სოფლის მეურნეობის და სურსათის საკითხებში
ვოპკე ჰუკსტრა (ნიდერლანდები, „ევროპის სახალხო პარტია") - კომისარი კლიმატის, ნულოვანი ემისიის და სუფთა ზრდის და გადასახადების საკითხებში