უნგრეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ სლოვაკეთის საზღვართან მდებარე დასახლება კიშბაიჩის 1400 სულიანი მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ფერმაში, „თურქული" გავრცელდა. 

უაღრესად გადამდები ვირუსული დაავადების გამოვლენისთანავე ვეტერინარულმა სამსახურმა ფერმა დახურა და ეპიდემიოლოგიური მოკვლევა დაიწყო.

„თურქული“ უნგრეთში უკანასკნელი 50 წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა. ევროპაში ბოლო ეპიდემია 2011 წელს, ბულგარეთში იყო. 2001 წელს ეპიდემია იყო დიდ ბრიტანეთში, სადაც მან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური ზიანი მიაყენა. მოგვიანებით დაავადება ბრიტანეთიდან გავრცელდა საფრანგეთში, ირლანდიასა და ნიდერლანდებში. დაავადება კვლავ გვხვდება თურქეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, აზიის ბევრ ქვეყანაში და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში. ვეტერინარები ამბობენ, რომ ამ ქვეყნებიდან უკანონოდ შემოტანილი მეცხოველეობის პროდუქტები მუდმივ საფრთხეს უქმნის ევროპის სოფლის მეურნეობას.

დაავადების შესახებ ცნობის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ბრიტანეთმა აკრძალა უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან მსხვილფეხა პირუტყვის, ღორის, ცხვირის და ირმის იმპორტი. აიკრძალა აგრეთვე უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან ხორცის, ხორცპროდუქტების და რძის შეტანა როგორც ორგანიზებული სახით, ასევე ცალკეული ტურისტების მიერ. სლოვაკური მედიის ინფორმაციით, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან საქონლის შეყვანაზე კონტროლი გაამკაცრა ჩეხეთმა.