უნგრეთის პრეზიდენტმა, ტამაშ შუიოკმა ხელი მოაწერა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, რომელიც, მათ შორის, მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ითვალისწინებს.
როგორც უნგრეთის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ცხოვრების განმავლობაში სამართლის პატივისცემით ხელმძღვანელობდა.
მისივე თქმით, კონსტიტუციური ცვლილებების მიღება ქვეყნისთვის „საბედისწერო ეროვნულ საკითხად“ იქცა, რომელიც პირად თუ პოლიტიკურ ინტერესებს სცდება. შუიოკის განცხადებით, ასეთ ვითარებაში პრეზიდენტს ორი ვარიანტი აქვს: შეასრულოს თავისი კონსტიტუციური მოვალეობა და ხელი მოაწეროს კანონს ან უარი თქვას ხელმოწერაზე, რაც, მისი რწმენით, კანონის დარღვევას ნიშნავს.
„იურიდიული შესაძლებლობებისა და საკუთარი სინდისის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ, ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რომელიც გათვალისწინებულია ძირითადი კანონით. ჩემი ხელმოწერა არის ჩემი, როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტის, მოვალეობების საბოლოო დადასტურება და რესპუბლიკის პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ჩემი სრული პატივისცემა ნებისმიერ ვითარებაში“, – განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა.
ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც უნგრეთის პარლამენტმა, სადაც კონსტიტუციურ უმრავლესობას პეტერ მადიარის პარტია „ტისა“ ფლობს, კონსტიტუციური ცვლილებები დაამტკიცა, შუიოკს გადაწყვეტილების ხელმოსაწერად ან ვეტოს დასადებად ხუთი დღე ჰქონდა, ეს ვადა კი დღეს იწურებოდა.
ხელმოწერილი კანონის ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, შუიოკის მანდატი მომდევნო დღესვე ამოიწურება.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა 4 ივლისს განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობის სახელით პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი წარუდგინა.
კნონპროექტის მიხედვით, უნგრეთისკონსტიტუციის მე-17 შესწორება სახელმწიფო ინსტიტუტების მასშტაბურ რეფორმას ითვალისწინებს. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის აღადგენს 70-წლიან ასაკობრივ ზღვარს, რის შედეგადაც ოთხ მოსამართლეს ორ თვეში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება; ეროვნული ასამბლეის დეპუტატებისთვის დაწესდება სამი საპარლამენტო ვადის ლიმიტი; შემცირდება იმ კანონების ჩამონათვალი, რომელთა მისაღებადაც პარლამენტში ხმების ორი მესამედია საჭირო; წარდგენილ პროექტში ასევე იყო, მოქმედი პრეზიდენტის, ტამაშ შუიოკის უფლებამოსილების ვადის შემცირება, რომელიც ხუთწლიანი ვადით 2024 წელს აირჩიეს.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს პეტერ მადიარმა პირობა დადო, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში შეცვლიდა ძირითად კანონს და თანამდებობებიდან გაათავისუფლებდა წინა ხელისუფლების მიერ დანიშნულ პირებს, რომლებსაც ის „მარიონეტებს“ უწოდებდა, მათ შორის ის პირდაპირ ასახელებდა შუიოკსაც.




