უნგრეთის მთავრობა მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის განცხადებით, ცვლილება შეეხებათ პირებს, რომელთა აქტივები 1 მილიარდ ფორინტს (3.08 მილიონი აშშ დოლარი) აღემატება. აღსანიშნავია, რომ მდიდარი ადამიანებისთვის გადასახადების ზრდა მადიარის პარტია „ტისას“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

როგორც ცნობილია, 2027 წლის იანვრიდან, პირები, რომელთა ქონებაც 1 მილიარდ ფორინტს აღემატება, ყოველწლიურად საკუთარი ქონების 1%-ს გადაიხდიან. გადასახადი მოიცავს სიმდიდრის ყველა ფორმას, მათ შორის უძრავ ქონებას, ინვესტიციებს, კომპანიების საკუთრებას და უნგრეთის ფარგლებს გარეთ მდებარე აქტივებსაც.

მადიარმა ასევე განაცხადა, რომ მათ, ვისაც 100 მილიარდ ფორინტზე მეტი (308 მილიონი აშშ დოლარი) სიმდიდრე აქვს, უფრო მაღალი, 1.5%-იანი განაკვეთი დაეკისრებათ. მისივე თქმით,  საგადასახადო წინადადებები მალე გამოქვეყნდება მთავრობის ვებგვერდზე საჯარო კონსულტაციისთვის. შემდეგ მოსალოდნელია, რომ მას პარლამენტი დაამტკიცებს, სადაც „ტისას“ უმრავლესობა აქვს.

„როიტერი“ წერს, რომ უნგრეთის უმდიდრესი ადამიანი 2025 წელს ლორინჩ მესაროში, ორბანის ბავშვობის მეგობარი იყო, რომლის ქონებაც – ოჯახთან ერთად Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული 2026 წლის სიის მიხედვით 1.786 ტრილიონი ფორინტი (5.50 მილიარდი დოლარი) იყო.

უნგრეთის მეორე უმდიდრესი ადამიანია OTP Bank-ის თავმჯდომარე შანდორ ჩანი, რომლის ქონება 649.7 მილიარდი ფორინტი (2 მილიარდი დოლარი) იყო.