ულტრამემარჯვენე პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) წააგო ქვემო საქსონიის კომუნალური არჩევნების მეორე ტურში, რომლის დროსაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა კენჭი უყარეს ქალაქებისა და სხვა ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებს. არჩევნები კვირას, 27 სექტემბერს, 123 თემში ჩატარდა.

"AfD"-ის კანდიდატები სამ ხელმძღვანელ პოსტზე აცხადებდნენ პრეტენზიას — ქალაქ ზალცგიტერში (დაახლოებით 100 ათასი მცხოვრები), ასევე მუნსტერსა (15 ათასი მცხოვრები) და ბოკენემში (9 ათასი მცხოვრები). პირველ ტერიტორიულ ერთეულში ხმათა 74.72%-ით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (CDU) წარმომადგენელმა ფრანკ კლინგბილმა, რომელსაც ობერ-ბურგომისტრის თანამდებობა 2006 წლიდან უკავია. "AfD"-ის კანდიდატმა პატრიცია მაირმა ხმათა 25.3% მიიღო.

მუნსტერში დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანა ადამჩაკმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 80.5% დააგროვა. "AfD"-ის წარმომადგენელ კრისტოფ ვაინანდს — 19.5% აქვს. ხოლო ბოკენემში ხმათა 69.6%-ით გამარჯვება მოიპოვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა იენს ლიუერმა, "AfD"-ის პრეტენდენტ ფელიქს მულს კი — 30.4% ერგო.