რუსეთის სარატოვის ოლქი უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევის სამიზნე გახდა. ადგილობრივი მედიისა და თვითმხილველების ცნობით, დრონებმა ქალაქში მდებარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში.

შეტევის შედეგად დაზიანდა სარატოვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა და ონლაინ-სავაჭრო გიგანტის, Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრი.

თავდასხმის შემდეგ ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი და კვამლი დაფიქსირდა. ადგილზე სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზარალებულთა შესახებ მონაცემები ზუსტდება, ხოლო თავად ობიექტების მუშაობა დროებით შეფერხებულია. ოფიციალურ უწყებებს მომხდართან დაკავშირებით დამატებითი განცხადებები ჯერ არ გაუვრცელებიათ.