უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა თანამდებობებიდან დაითხოვა ცხრიდან ოთხი მოადგილე: სტანისლავ გაიდერი, ოლექსანდრ სერგიი, იური ჯიგირა და ლუდმილა დარაგანი.
უმეროვის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს სისტემა - შეიარაღებული ძალები, დაზვერვის მთავარი სამმართველო და ტრანსპორტის სპეციალური სახელმწიფო სამსახური საომარი მდგომარეობის დროს „დახურული პერიმეტრია“, რაც ნიშნავს, რომ ყველა შიდა პროცესი უნდა იყოს „მკაფიო და კონტროლირებული“ და „დაუშვებელია გარედან ან შიგნიდან მათზე გავლენის ნებისმიერი მცდელობა“.
უმეროვის თქმით, საკადრო ცვლილებები სწორედ ამ კონტექსტში მიმდინარეობს - სამართალდამცავ ანტიკორუფციულ ორგანოებთან ერთად დაიწყო თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სისტემის რეფორმირებაც.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 20 სექტემბერს თანამდებობებიდან გაათავისუფლა დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეები ვიქტორ ზაიცევი და იგორ ოსტაპენკო. უკრაინული მედია მაშინ წერდა, რომ უმეროვი სისტემიდან კიდევ არაერთი მაღალჩინოსნის გაშვებას აპირებს არაეფექტურობის გამო.