რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დეკემბერში მალტაში გეგმავს ვიზიტს ეუთოს მინისტერიალზე დასასწრებად, - ამის შესახებ Reuters წერს.

რუსეთში მალტის საელჩოში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება 5-6 დეკემბერს კუნძულზე მინისტერიალის გამართვის შესახებ "ეხება ეუთოს ყველა წევრ სახელმწიფოს". რაც შეეხება ლავროვის სანქცირებულობის ფაქტს, ამ საკითხზე საელჩოში დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ამგვარად, რუსეთის მთავარი დიპლომატი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან პირველად შეადგამს ფეხს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში.

ბოლოს ლავროვი ევროკავშირის ტერიტორიაზე 2021 წელსაა ნამყოფი. მაშინ იგი სტოკჰოლმში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო.