უკრაინის სპეციალურმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (САП) მორიგი კორუფციული სქემა გამოავლინეს, რომელშიც ქვეყნის მაღალჩინოსნები არიან ჩართული.
საუბარია სპეცოპერაცია „ფემიდაზე“, რეიდების სქემაზე, რომლის საშუალებითაც მაღალჩინოსნებისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი, სხვების საკუთრებაში არსებული ძვირად ღირებული უძრავი ქონებისა და კორპორატიული აქტივების მიტაცებას ახორციელებდა.
გამოძიების მიხედვით, 2025 წლის შემოდგომაზე ისინი 248 მილიონი გრივნის აქტივებს დაეპატრონნენ, ხოლო 2026 წელს შეეცადნენ, ხელში ჩაეგდოთ კიევში მდებარე 207 მილიონ გრივნაზე მეტი ღირებულების ობიექტები და 500 მილიონ გრივნაზე მეტი ღირებულების საწარმო.
სქემა მოიცავდა: ჰაკერულ მანიპულაციებს – სახელმწიფო რეგისტრატორების რეესტრში უკანონო შეღწევითა და ქონების ფიქტიურ პირებზე (მათ შორის დაცვის თანამშრომელზე) გადაფორმებით; ზეწოლასა და მოსყიდვას – პროკურორების მოსყიდვით ყალბი სისხლის სამართლის საქმეების აღძვრასა და ობიექტებზე ყადაღის დადებას; იუსტიციის სამინისტროზე ლობირებასა და კიევის სასამართლოს მოსამართლის მეშვეობით კომპანიების მიმართ გაკოტრების პროცედურის ინიცირებას.
აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობა, გამოძიების ცნობით, 514 ათასი აშშ დოლარით მოქმედმა დეპუტატმა, ვადიმ სტოლარმა დააფინანსა. უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოში (ВАКС) გამართულ სხდომაზე САП-ის პროკურორმა საქმის 13-ვე ფიგურანტის ვინაობა ოფიციალურად დაასახელა. ფიგურანტები არიან:
ირინა მუდრა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე;
ვიქტორ დუბოვიკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამართლებრივი პოლიტიკის დირექტორატის გენერალური დირექტორი;
ელენა ფერენსი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
მაქსიმ მიკიტასი, ყოფილი პარლამენტის წევრი;
ვადიმ სტოლარი, მოქმედი პარლამენტის წევრი;
ვასილ ასტიონი, ბიზნესმენი და დნეპროპეტროვსკის რეგიონალური საბჭოს ყოფილი წევრი;
მიკოლა გლადიშენკო, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სენს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
ოლეგ სტუპაკი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სენს ბანკის“ საბჭოს თავმჯდომარე;
ლუდმილა სნიგური, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული „სენს ბანკის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ვალენტინ ელიზაროვი (მიკიტასის ხელქვეითი, შპს „მეტრობუდის“ დირექტორი);
ნიკიტა ტარკოვსკი (მიკიტასთან დაკავშირებული);
ეგორ მერკულოვი (მიკიტასის მძღოლი, შპს „მონტაჟ სერვისის“ ნომინალური დირექტორი);
ალექსანდრე ოსტაპენკო (მიკიტასის დაცვის თანამშრომელი, შპს „ფილოსოფია დეველოპმენტის“ ნომინალური დირექტორი).
სწორედ მაქსიმ მიკიტასი, ირინა ბუდრა და ვადიმ სტლარი ახორციელებდნენ კორპორატიულ რეიდებს ბიზნესსა და უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გაყალბებითა და სასამართლო გადაწყვეტილებების გამოყენებით. მათ შორის, ერთ-ერთი საწარმო ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადააფორმეს დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი თანაორგანიზატორის დაცვის თანამშრომელზე.
გარდა ამისა, ფიგურანტებმა უზრუნველყვეს, რომ აღძრულიყო სისხლის სამართლის საქმე თავიანთი ხალხის განცხადებების საფუძველზე და დადებულიყო ყადაღა მიტაცებულ ობიექტზე, რათა შემდგომში აღარ მომხდარიყო სხვა სარეგისტრაციო მოქმედებები. ამისთვის ორგანიზატორები პროკურატურის თანამშრომლების მოსყიდვას ახორციელებდნენ. ისინი გავლენას ახდენდნენ იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნებზეც და ლობირებდნენ, რომ მათ მიერ განხორციელებული კორპორატიული რეიდების წინააღმდეგ საჩივრები გაუქმებულიყო.
კიდევ ერთი ასეთი ობიექტი საქმის ფიგურანტებმა სასამართლოში გაკოტრების პროცედურის ინიცირებით წამოიწყეს. ამ მიზნით, ისინი თანამშრომლობდნენ კიევის სასამართლოს მოსამართლესთან, რომელმაც დააკმაყოფილა გაკოტრების შესახებ სარჩელი და აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით, შემდგომი სარეგისტრაციო მოქმედებების გატარება აკრძალა.
ერთი დღით ადრე, 19 აგვისტოს, ანტოკორუფციულმა ორგანოებმა НАБУ და САП-მა, საზოგადოებას სპეცოპერაცია „ფორესტ გამპის“ შესახებ აცნობეს, რომელიც სახელმწიფო „სენს ბანკის“ საშუალებით, 150 მილიონი გრივნის ოდენობით ნაღდი ფულის უკანონო ლეგალიზებას ეხება. გამოძიების ვერსიით, ეს თანხა ფიქტიური კომპანიების ანგარიშებიდან ლეგალურ ბრუნვაში იმ მიზნით ჩაუშვეს, რომ გადაეხადათ „მიდასის“ საქმის ერთ-ერთი მონაწილის, მედიის ვერსიით, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, გერმან გალუშენკოსთვის შეფარდებული გირაოს თანხა.
შედეგად, დღეს უკრაინის ეროვნული ბანკის დირექტორმა „რადაში“ სიტყვით გამოსვლისას, „სენს ბანკის“ სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლაი გლადიშენკოს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განაცხადა.











