რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მორიგი კომბინირებული და მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე ოდესის ოლქში, უკრაინა-მოლდოვას სახელმწიფო საზღვარზე მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გახდა.
დარტყმების შედეგად რეგიონში სერიოზულად დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები. კერძოდ, ოდესის ოლქში ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო ავტომობილების მისაბმელებს, რომლებშიც საკვები პროდუქტები ინახებოდა.
ძლიერი აფეთქებებისა და იერიშის ფონზე, ოდესის ოლქის რამდენიმე დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, ათასობით აბონენტი დენის გარეშე დარჩა, ხოლო ენერგეტიკული სამსახურები აღდგენით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ.
ღამის კომბინირებული შეტევის დროს, მოლდავური მხარის ოფიციალური ინფორმაციით, საჰაერო იერიშში გამოყენებული ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის საზღვრიდან მოლდოვას საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რის შემდეგაც კვლავ უკრაინის მიმართულებით გადაფრინდა.
უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით კომპლექსურად მიმდინარეობდა — სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საზღვრისპირა ზონის გარდა, სხვა რეგიონებშიც მძიმედ დაზარალდა. მიუხედავად ნგრევისა, ოდესის რეგიონში, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ ყოფილა.




