უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის შედეგად მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. 425-ე ცალკეული მოიერიშე პოლკის "სკალას" მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, უკრაინელმა სამხედროებმა 6 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
ოპერაციის შედეგად კონტროლი აღდგა სოფლებზე: ტერნოვე, ზაპორიჟსკე, ნოვოჰეორჰიივკა, ვორონე, სიჩნევე და მალიივკა.
უკრაინულმა ქვედანაყოფებმა რუსული თავდაცვის ხაზი გაარღვიეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე 25 კილომეტრით წინ წაიწიეს.
სამხედრო წყაროების ცნობით, რუსულმა დაჯგუფებებმა, კერძოდ, 120-ე საზღვაო ქვეითთა დივიზიამ და 68-ე საარმიო კორპუსმა, მნიშვნელოვანი ცოცხალი ძალა და ტექნიკა დაკარგეს.
სამხედრო ექსპერტები ამ ოპერაციას მნიშვნელოვან გარღვევად აფასებენ, რადგან მან შეძლო რუსული თავდაცვის სტრატეგიული პოზიციების მოშლა. ოპერაციის წარმატებას ხელი შეუწყო უკრაინის საჰაერო მხარდაჭერამ და კოორდინირებულმა ტაქტიკურმა მანევრებმა.
ამჟამად გათავისუფლებულ სოფლებში სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს. უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე ოპერაციის შემდგომ ფაზაზე ოფიციალურ დეტალებს არ ავრცელებს, თუმცა ფრონტის ხაზზე ინტენსიური მოქმედებები კვლავ გრძელდება.




