ძალიან დიდი საქმეა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც დღეს საჯაროდ, ოფიციალურად ჩაეყარა საფუძველი. ეს არის საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ცენტრი „ბეთლემი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა, მეუფე დიმიტრის გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა. სწორედ ის არის ამ იდეის, ამ პროექტის მთავარი სულისჩამდგმელი. ის მოემსახურება ხანდაზმულებს, იქნება ხანდაზმულთა თავშესაფარი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავშესაფარი. აქვე იქნება დღის ცენტრი ხანდაზმულებისთვის და აქვე იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც ცალკე იქნება გამოყოფილი ინკლუზიური სწავლების ჯგუფი.

 თქვენ ხედავთ, რომ მრავალფუნქციურია თავისი დანიშნულებით ეს ცენტრი და მისი მთავარი მიზანია ადამიანებზე ზრუნვა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც არის ამ იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მეუფე დიმიტრის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.