უკრაინელი ჯარისკაცები გერმანიაში ჩავიდნენ, რათა ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-თან მუშაობაში ივარჯიშონ. უკრაინელი სამხედროების 70-კაციანი ჯგუფი გერმანიაში 31 იანვარს ჩავიდა და წვრთნას ხუთშაბათს, 2 თებერვალს დაიწყებს, იტყობინება სააგენტო dpa ბერლინის სამართალდამცავი ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით.
გერმანიის მთავრობა, შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით, უკრაინას Patriot-ის ბატარეას გადასცემს. Patriot-ის ბატარეა ჩვეულებრივ მოიცავს საკონტროლო პუნქტს, მრავალფუნქციურ სარადარო სადგურს, ელექტრომომარაგებას, საკომუნიკაციო აღჭურვილობას და სატვირთო მანქანაზე დამაგრებულ რვამდე გამშვებს.
გერმანიიდან პოლონეთში გადატანილი Patriot-ის კომპლექსები პირველადაა მზადყოფნაში მოყვანილი. ბუნდესვერი აპირებს, დაიცვას პოლონეთის საჰაერო სივრცე Patriot-ის სამი ბატარეით. გერმანელი ჯარისკაცები პოლონეთში 16 იანვრიდან იმყოფებიან, რათა უზრუნველყონ საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება პოლონელ კოლეგებთან ერთად. მისიის მიზანი, რომელიც, სავარაუდოდ, ექვსთვიანია, არის NATO-ს საჰაერო სივრცის და, შესაბამისად, პოლონეთის ტერიტორიის, მისი ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის დაცვა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 2022 წლის თებერვლის ბოლოდან აწარმოებს. მას შემდეგ, რაც ნოემბერში პოლონეთში რუსული სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ გასროლილი რაკეტა აფეთქდა, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი და მისი პოლონელი კოლეგა მარიუშ ბლაშჩაკი, გერმანიის Patriot-ის კომპლექსების პოლონეთისთვის გადაცემაზე შეთანხმდნენ. შემთხვევის შედეგად ორი პოლონელი მოქალაქე დაიღუპა.