უკრაინული მხარის ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამი ხომალდი დააზიანეს.
გენერალური შტაბისა და სპეცსამსახურების ცნობით, დარტყმის სამიზნეები გახდნენ:
ფრეგატი "ადმირალ ესენი", რომელზედაც შეტევისას ხანძარი გაჩნდა;
დიდი სადესანტო ხომალდი "პიოტრ მორგუნოვი";
მცირე ზომის საზღვაო ტრალერი "ჟელეზნიაკოვი".
აღსანიშნავია, რომ "ადმირალ ესენი" წარმოადგენს "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტების მატარებელს, რომლებსაც რუსეთის შეიარაღებული ძალები რეგულარულად იყენებენ უკრაინის წინააღმდეგ. გარდა ხომალდებისა, იერიშის შედეგად დაზიანდა ნოვოროსიისკის პორტის ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი საწვავის საცავები.
პარალელურად, უკრაინული უწყებების ცნობით, მასშტაბური შეტევები განხორციელდა რუსეთის სხვა ობიექტებზეც, მათ შორის სარატოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანასა და ლოგისტიკურ ცენტრებზე, სადაც იერიშების ფონზე ძლიერი ხანძრები დაფიქსირდა.




