ღამით უკრაინამ რუსეთის ქალაქ სამარაში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანასა და ჩებოქსარში მდებარე სამხედრო საწარმოზე იერიშები მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ და უკრაინულ Telegram-არხებზე გავრცელდა.

დამოუკიდებელი Telegram არხის Exilenova Plus-ის ცნობით, რომელიც ადგილობრივების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებსა და ცნობებს ეყრდნობა, უკრაინა-რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 800 კილომეტრში მდებარე კუიბიშევსკის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა.

სამარის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ ფედორიშჩევის განცხადებით, რეგიონში ღამის განმავლობაში სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ხოლო ჩებოქსარში, ჩუვაშეთის რესპუბლიკაში, უკრაინულმა რაკეტებმა სამეცნიერო-კვლევითი და საწარმოო ობიექტი დააზიანეს. მოგვიანებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, ეს საწარმო რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას ამარაგებს, მათ შორის Orion-ის ტიპის დრონებისა და Iskander-ის რაკეტებისთვის განკუთვნილი კომპონენტებით.