უკრაინამ კატართან ახალი თავდაცვითი შეთანხმება გააფორმა, რომელიც საუდის არაბეთთან გაფორმებული შეთანხმების მსგავსია. 

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორ ქვეყანას შორის „შეთანხმება მოიცავს თანამშრომლობას ტექნოლოგიურ სფეროებში, ერთობლივი პროექტების განვითარებას, თავდაცვით ინვესტიციებს, რაკეტებისა და უპილოტო საჰაერო სისტემების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოცდილებების გაზიარებას.“

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დოჰაში კატარის სახელმწიფო ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის და კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანის შეხვდა.

„ჩვენ განვიხილეთ საკითხები, რომლებსაც შეუძლია ორივე ქვეყანაში სიცოცხლის დაცვის კიდევ უფრო გაძლიერება და შევთანხმდით თავდაცვის სექტორში ურთიერთსასარგებლო პარტნიორობაზე, სულ მცირე, 10 წლის განმავლობაში,“ – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ასევე ეწვია საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, სადაც ქვეყნებს ირანული დიზაინით შექმნილი, რუსული წარმოების „შაჰედის“ ტიპის დრონების ჩაჭრის შესახებ ის გამოცდილება გაუზიარა, რომელიც უკრაინამ რუსეთთან ოთხწლიანი ომის პირობებში დააგროვა.

მედიის ინფორმაციით, ასეთ დრონებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია, უკრაინას ესხმიან თავს, ახლა ირანი სპარსეთის ყურის რეგიონში, მეზობლებზე თავდასხმისთვის იყენებს.