რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს, თურქეთში, Istanbul Congress Center-ში უნდა გამართულიყო, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაუქმდა.
"გაუქმების მიზეზი სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ოფიციალური გადაწყვეტილება გახდა, რომელიც კრძალავს ღონისძიების ჩატარებას საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე", — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორის მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში. მასში ორგანიზატორებმა მწუხარება გამოთქვეს კონცერტის გაუქმების გამო, ბოდიში მოუხადეს მაყურებელს და ბილეთების დაბრუნების წესის შესახებ აცნობეს.
კონცერტამდე სამი დღით ადრე, თურქულმა გაზეთმა Yeni Şafak ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თურქეთში ჩამოსვლის მსურველი შოუმენი, მათი აზრით, ამართლებს ისრაელის ქმედებებს ღაზის სექტორში. "პროისრაელური ე.წ. კომიკოსი მაქსიმ გალკინი, რომელიც ღაზაში გენოციდს "კანონიერ თავდაცვას" უწოდებს, სტამბოლში გამოვა", — ნათქვამია 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელ X-ში გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. იქვე წარმოდგენილია ვიდეორგოლი გალკინთან ერთად, მათ შორის, რუსეთის შესახებ მისი გამონათქვამებით, ასევე ზოგადი კადრებით ღაზის სექტორიდან.
ადგილობრივი მედიის გარდა, კონცერტის გაუქმებისკენ საზოგადოებრივი მოძრაობა "7 ოქტომბერიც" მოუწოდებდა და ითხოვდა, რომ თურქეთის "კომპეტენტურ ორგანოებს" გალკინის გამოსვლა გაეუქმებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოძრაობის წევრები და სხვა მოქალაქეები კონცერტის დღეს Istanbul Congress Center-ის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებას აპირებდნენ, ნათქვამია ღია მიმართვაში.
მაქსიმ გალკინი, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაცია დატოვა, მეუღლე ალა პუგაჩოვასთან ერთად ისრაელში გადავიდა. 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ, არტისტმა ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა, სადაც თქვა: "ჩვენ ვამაყობთ, რომ ახლა ასეთ შეკრულ ერთან გვაქვს კავშირი".
2023 წლის შემოდგომაზე გალკინის გამოსვლები ასტანასა და ალმათიშიც გაუქმდა. ფორმალურად, ორგანიზატორები და საკონცერტო მოედნები ტექნიკურ მიზეზებს ასახელებდნენ, თუმცა თავად შოუმენმა საჯაროდ გამოთქვა მოსაზრება, რომ ამის უკან პოლიტიკურ სარჩულს და ყაზახეთის ხელისუფლების მხრიდან დაბრკოლებებს ხედავდა.
2024 წლის იანვარში მაქსიმ გალკინის გამოსვლები ინდონეზიაში გაუქმდა. ამის შესახებ მან თავის Instagram გვერდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "გამოსვლისთვის ყველა საბუთი წესრიგში იყო", ხოლო მიზეზი რუსეთის მთავრობის წერილი გახდა, თხოვნით, რომ ის ბალიზე არ შეეშვათ.




