6 თებერვალს, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 4 900-ს გადააჭარბა. ამის შესახებ CNN წერს.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაიღუპა 3 381 ადამიანი, დაშავებულია 20 426 ადამიანი. კატასტროფების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ორჰან ტატარის თქმით, დაზიანებულია სულ მცირე 11 ათასი შენობა. ადგილზე 25 ათასზე მაშველი მუშაობს. მისივე განცხადებით, სამაშველო ოპერაციებისთვის 10 გემსა და 54 საჰაერო ტრანსპორტს იყენებენ.

ამავე დროს, სირიაში ამბობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 1 559-მდე გაიზარდა. დაშავებულია 3 648 მოქალაქე.

თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარაში, სირიის საზღვართან, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე დაფიქსირდა. 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა გაზიანთეპის პროვინციაში ცოტა ხნის შემდეგ. ბიძგები ნახევარი საათის განმავლობაში იგრძნობოდა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ ანკარაში, ადანაში, ნევშეჰირში, გაზიანთეპში, კაისერში, მერსინში, ჰატაიში. ტელეარხ Al Arabiya-ს ცნობით, მიწისძვრა იგრძნობოდა ერაყისა და ლიბანის ზოგიერთ რეგიონში. გარდა ამისა, ბიძგები შესამჩნევი იყო ისრაელში.

მოგვიანებით, რამდენიმე ათეული შემდგომი ბიძგი მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი იყო 7,7 მაგნიტუდა სიმძლავრის. მეორე ძლიერი დარტყმის ეპიცენტრი მდებარეობდა ქალაქ ელბისტანიდან შვიდ კილომეტრში, კაჰრამანმარაშის პროვინციაში.

ბიძგები იგრძნობოდა თურქეთის რამდენიმე რეგიონში: ადანაში, ანკარაში, ანტალიაში, გაზიანთეპში, კაისერიში, მერსინში, ტრაპიზონში, შანლიურფაში - ასევე სირიაში, ლიბანში, ერაყში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, კვიპროსში, სომხეთსა და ისრაელში. იტალიამ თურქეთში მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საშიშროება გამოაცხადა, თუმცა მალევე შეტყობინება გაუქმდა.

თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.

სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს ართულებს უამინდობა, რომლის გამოც სამუშაოებში ვერ მოხერხდა ვერტმფრენების ჩართვა.